რომანტიკოსი ცხვირსახოცი

1383967_564609560298403_309857245_n

სადღაც შორეული უჯრის შორეულ კუნჭულში ცხოვრობდა თეთრი, მსუბუქი, სათნო, გულუბრყვილო და მგრძნობიარე ცხვირსახოცი. სხვა ცხვირსახოცებისგან მას ერთი რამ განასხვავებდა: ეს ოცნება იყო.

თუ შენ ახლა ამ სიტყვებზე გაგეცინა უნდა გითხრა რომ უცოდინარი ვინმე ბრძანდები, რადგან არ იცი რომ ყოველ სულიერ თუ უსულო საგანს თავისი ოცნება აქვს. ხოლო მათი არსებობა ვისაც თუ რასაც ოცნება არ გააჩნია მოსაწყენი და უაზროა. მოკლედ არ გვინდა ამაზე მსჯელობა, ცხვირსახოცს და მის ამბავს დავუბრუნდეთ.

ჩვენი ცხვირსახოცის ოცნება იმაში მდგომარეობდა, რომ მას ძლიერ სურდა ფრენა და ამ ოცნების მიხედვით უნდა მივხვდეთ, რომ ცხვირსახოცი გარდა იმისა, რომ მსუბუქი, გულუბრყვილო, სათნო და მგრძნობიარე იყო, რომანტიკოსიც გახლდათ. და სწორედ ის რომ მას გაფრენა სურდა ერთადერთი რამ იყო რაც განასხვავებდა სხვა ცხვირსახოცებისაგან (რადგან სრულიად შესაძლებელია იყოს სხვა სათნო და მგრძნობიარე ცხვირსახოცი) და ასე ამგვანებდა ადამიანებს.

თუმცა ოცნება რის ოცნებაა მალევე რომ აგისრულდეს და ჩვენი ცხვირსახოციც ასე ლამაზად დაკეცილი იდო უჯრაში, ყველასგან მივიწყებული, ხის კედლები კი თითქმის უქრობდა იმის იმედს, რომ ოდესმე გაფრინდებოდა.

ერთხელაც თეთრმა ცხვირსახოცმა ტანსაცმელების გვირაბის ბოლოს შუქი დაინახა. ეგონა რომ ეს იმედის გაღვივებული ნაპერწკალი იყო. შემდეგ თითქოს მიწისძვრააო: ყველაფერი აირია, ვიღაცის ძლიერმა ხელმა (ეს ცხვირსახოცისთვის ძლიერმა თორემ ალბათ დამეთანხმებით ტანსაცმელების გადაწევ–გადმოწევა დიდ ძალებს არ საჭიროებს) ტანსაცმელები მიმოფანტა. ბოლოს რადგან დაინახა რაც სჭირდებოდა რამდენიმე წამით შეჩერდა, შემდეგ კი ჩვენს ცხვირსახოცს მოავლო ხელი.

ცხვირსახოცს თავიდან შეეშინდა, მაგრამ დაინახა თუ არა „მოძალადის“ სახე ისღა გაიფიქრა ასეთი ლამაზი და ნაზი ასეთი ძლიერი როგორააო?!

სანამ სულ დაიბენი უნდა გითხრა, რომ აღმომჩენი ჩვიდმეტიოდე წლის გოგონა იყო და ისიც უნდა ღინიშნოს, რომ ცხვირსახოცმა ცოტა გააზვიადა, გოგონა ერთი ჩვეულებრივი გარეგნობის, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მას სურდა თავისი ბარხატის შავი კაბისთვის რეტრო იერი მიეცა და სწორედ ამაში სჭირდებოდა ცხვირსახოცი.

ცხვიირსახოცი ლამაზად დაკეცა, კაბის გულის ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ სარკის წინ დატრიალდა და თავს კმაყოფილმა გაუღიმა.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი ცხვირსახოცი ბიჭი იყო და თავი საკმაოდ უხერხულად იგრძნო გოგონას მკერდზე მიკრულმა. მაგრამ  რადგან რომანტიკოსი იყო და თან გოგონასაც ძალიან ლამაზად თვლიდა მისი ნაქარგები მთლიანად მოიცვა სიყვარულმა და მალევე მიჯნურმა ბედნიერება ჰპოვა თავისი ტრფობის საგნის მკერდზე.

მისდა სამწუხაროდ ამან დიდხანს არ გასტანა: გოგონამ იგი ჯიბიდან ამოიღო და ჯერ დაბერტყა (ცხვირსახოცი ცოტა არ იყოს დამტვერილიყო), ბოლოს კი სარეცხ მანქანაში შეაგდო.

თეთრმა ცხვირსახოცმა თავი უარყოფილად იგრძნო და თავის შემქმნელს წყევლიდა. იგი ყველაფერს თავის ყვავილების ფომის თეთრ ნაქარგებს აბრალებდა, სწორედ ამ ნაქარგების ბრალი იყო, რომ სხვა, უფრო მამაკაცურად მოქარგული ცხვირსახოცები დასცინოდნენ და ადამიანებისგან მოსმენილ სიტყვებს ეძახდნენ (მართალია ჩვენმა ცხვირსახოცმა სრულებით არ იცოდა რას ნიშნავდა ეს სიტყვები, მაგრამ ის კი იცოდა რომ საწყენი იყო).

და აი როგორც იქნა სარეცხის მანქნამ დაამთვარა ბრუნვა და ჩვენმა ნატანჯმა, კუთხიდან კუთხემდე გაწუწულმა ცხვირსახოცმა აივანზე საშრობის თოკზე ამოყო თავი. ეს უკვე შვება იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ორი გაურკვეველი საგანი იჭერდა.

გარეთ ჩვენთვის ნიავი ქროდა, ცხვირსახოცისთვის კი ძლიერი ქარი. ნივმა საიდანღაც მტვერი მოიტანა და ცხვირსახოცის დამჭერებს ცხვირში შეაყარა. (ჩემთვის სრულიად გაურკვეველია სად ქონდათ მათ ცხვირი) მათაც ჯერ ითმინეს, ბოლოს კი მაინც დააცემინეს. სწორედ ამ დროს გაიტაცა ცხვირსახოცი ნიავმა (თუმცა იმის თქმა რომ ეს შეგნებულად გააკეთა დარწმუნებით არ შეიძლება).

ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორი ბედნიერი იყო ჩვენი ცხვირსახოცი, თავისი ტრაგიკული სიყვარულიც კი გადაავიწყდა. ცას იმედიანი ნაქარგებით შეჰყურებდა.

სამწუხაროდ გოგონა გამწვანებულ ადგილას ცხოვრობდა და ჩვენს ცხვირსახოცსაც არ დასცალდა ბედნიერება. იგი რომელიღაცა, მითვის უცნობი ხის ტოტებში გაიბლანდა…

თეთრი ცხვირსახოცი მწარედ ატირდა თავის უიღბლობაზე და მე თუ მკითხავთ იგი კიდევ ერთი თვისებით დაემსგავსა ადამიანს: ბედნიერების მუდმივი უკმარისობით.

Advertisements